ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
15 მარტი, 2022

თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება: მეტი ვიდრე სამართალი, მეტი ვიდრე ვაჭრობა

274912983_477965450460490_3174482004628743863_n

უცხოეთთან ბოლო პერიოდის ქართულ სასაუბრო ლექსიკონში მტკიცედ დამკვიდრდა „თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება“. ოფიციალურ გზავნილებსა თუ კომუნიკაციისას ეს სიტყვათწყობა,კონკრეტული შინაარსის მოქმედებათა სისტემას აღნიშნავს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ სისტემის სათანადოდ დანერგვა ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან იგი განსაზღვრავს საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს ინტეგრირების კიდევ ერთ გზას და პრაქტიკულ ალგორითმს. სხვა საშუალებებთან ერთად, სწორედ მასზე სწორებით განსაზღვრავენ თანაცხოვრების კონკრეტულ, აღიარებულ ნორმებთან და პრინციპებთან თანწყობას როგორც  თბილისი, ისე მისი საერთაშორისო პარტნიორები, იგი არის ქვეყანაში გასატარებელი ცვლილებების წარმატებულობის და ამასთანავე, საგარეო ასპარეზზე ჩვენი მისაღებობის საზომი.

ამდენად, სრულიად კანონზომიერია გარემოება, რომ გასულ წლებში სათანადო აქტივობების შედეგად, საქართველოს საგარეო ურთიერთობათა ვექტორი დაიქსელა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მრავალმხრივი - მათ შორის, ევროკავშირთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან -  და ორმხრივი შეთანხმებებით, იქნება ეს თურქეთთან, ჩინეთთან, ცენტრალური აზიის, უკრაინის, რუსეთის თუ სხვა ჩვენთვის მნიშვნელოვან ბაზრებთან. მეტიც, ამ კატეგორიის შეთანხმებების გაფორმება, თითქოსდა, შიდა და გარე აუდიტორიასთან  ქართული ხელისუფლების თავმოწონების საგნადაც კი იქცა, ხოლო ასეთი ახალ–ახალი შეთანხმებების ხელმოწერა – საგარეო და ეკონომიკური დიპლომატიის ასპარეზზე ერთობ წარმატებული საქმიანობის ნიშნულად.

უდავოა, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების რეჟიმი ჩვენი ქვეყნისათვის აუცილებელი ხელსაწყოა როგორც მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრაციის, ისე ეროვნული ეკონომიკის განვითარების ხელშესაწყობად. ამასთანავე, ფაქტებისა და გარემოებების მხოლოდ კონტრასტულ ფერებში აღქმა ქართული, და არა მხოლოდ ქართული, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცნობიერების ერთგვარ სასაქონლო ნიშნად იქცა. და ეს მაშინ, როდესაც ასეთ კონტრასტებს შორის ფერთა ის მდიდარი გამაა, რომლის გარჩევა, ამოცნობა და შესწავლა, სულ ცოტა, უბრალო ცნობისმოყვარეობის ამბავია. მეტად პრაქტიკული გაგებით, ეს ყოველივე კონკრეტული სარგებლისა და საჭიროების საქმეა საგარეო-პოლიტიკური თუ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის დაგეგმარებისა და ქართული ეკონომიკის თვითკმარი და თვითმყოფადი საწყისების გამოსაკვეთად.

ამდენად, ამ მცირე სტატიის ამოცანაც ეს არის:  თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის დიდი  სურათის რეალისტურ ფერებში წარმოჩენა მხოლოდ მისი ცალკეული (შესაძლოა, მეტად სადავო და საკამათო) ასპექტების თუნდაც ზოგადი მონიშვნით. ცხადია, რომ ამ სტატიაში არცერთ განცხადებას თუ შეფასებას არ აქვს შეუვალობის პრეტენზია, არამედ თითოეული თეზისი თუ მოსაზრება, როგორც ამ დიდი თემის ამა თუ იმ ნიუანსის კრიტიკული განხილვა, შემდგომში საღად შეჯერების სურვილის გაღვივების მცდელობაა. ჩვენ შეგნებულად ვარიდებთ თავს ცალკეული სახელშეკრულებო სქემის გარჩევას (რაც მოცემულ ფორმატს მიღმაა), ისე როგორც ამ სტატიის სტატისტიკური მონაცემებით აჭრელებას, რის ნაკლებობასაც მრავალი სხვა წყაროს წყალობით არ განვიცდით.

ერთი სიტყვით, გვსურს თავისუფალი ვაჭრობის რაობა, გარკვეულწილად, ზედხედით დავინახოთ. გარდა ამისა, ჩვენი მსჯელობის თანმდევ შედეგად საქართველოს მიერ ხელმოწერილი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებით მონიჭებული უპირატესობების დამატებით ხაზგასმა წარმოგვიდგენია. ამავდროულად, აუცილებელია ამ შეთანხმებების თანმდევი რისკების გაცნობიერება ისევე როგორც ქართულ ინტერესზე მათ მორგების ოპტიმალურ გზებზე მიუკერძოებელი მსჯელობა.

მოკლე შესავალი შეთანხმებაზე „შეთანხმების“ საკითხისათვის

გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, განვითარებადი ქვეყნების დიდმა ნაწილმა საბაზრო სისტემისაკენ დაიწყო სვლა, რაც, სხვა ნაბიჯებთან ერთად, სავაჭრო წესების ლიბერალიზაციას გულისხმობდა. ამ ძირეული ცვლილებების საწყისად მსოფლიო მასშტაბით საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობაში ღიაობისაკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები მოიაზრება, კერძოდ, 1994 წლის ურუგვაის მოლაპარაკებათა რაუნდის დაგვირგვინება 1995 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შექმნით. ამგვარად, პრაქტიკულად დასრულდა მოლაპარაკებათა ათწლიანი პროცესი, რომლის ძირითადი მიზნები ორად შეიძლება დაჯგუფდეს. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა (შემდგომში უკვე დოჰას რაუნდის გათვალისწინებით) საქონლისა და მომსახურების ბაზართან წვდომის დაბრკოლებების შემცირება იყო, ხოლო მეორე – ბაზართან წვდომის სავალდებულო და შეძლებისდაგვარად უნიფიცირებული წესებისა და პროცედურების შემოღება, რისთვისაც, ე.წ. „მაქსიმალური სატარიფო განაკვეთები“ დადგინდა. საქმე ისაა, რომ მანამდე დამკვიდრებული მიდგომის თანახმად, ბაზრებთან წვდომა მეტწილად ფიქსირებული პრეფერენციული ტარიფებით ხორციელდებოდა შერჩევითად, ე.წ. „მეტი ხელშეწყობის მქონე ქვეყნებისა“ (most favored nations) და მკაცრად განსაზღვრული სასაქონლო და მომსახურების ნომენკლატურის მიმართ.  

ერთი სიტყვით, გასული საუკუნის ამ პროცესების შედეგად, სავაჭრო წესების ლიბერალიზაციის დინამიკა შესამჩნევად მზარდი გახდა. სხვადასხვა მრავალმხრივი ინსტრუმენტების პარალელურად, ეს დინამიკა ქვეყნებს შორის ორმხრივ ფორმატში დადებულ შეთანხმებებშიც გამოისახა. ეს ბოლო გარემოება მით უფრო ნიშანდობლივია, რომ ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები ე.წ. ახალი ტიპის რეგიონალიზმის პრინციპს მოხერხებულად მიესადაგა – თითოეული ქვეყანა მაქსიმალურად ეცადა ვაჭრობის სფეროში საკუთარი მიზნების ხორცშესხმას,  თავისთვის ხელსაყრელი სატარიფო სქემების გატარებას, ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის თანხმობის მიღწევას საკუთარ ვერსიაზე საქონლის წარმოშობასთან, ისე როგორც ტექნიკურ, საპროცედურო და სხვა ფორმალურ მოთხოვნებთან მიმართებით. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მრავალმხრივი, განსაკუთრებით კი ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები „აშვებული ზამბარის“ ეფექტით გამრავლდა და ფეხი მოიკიდა.

აღნიშნული სხვადასხვა მრავალმხრივი ცვლილების ეკონომიკურმა ეფექტმაც არ დააყოვნა, რაც გასაშუალოებული სატარიფო განაკვეთების საგრძნობ შემცირებაში გამოიხატა. ასევე, რიგ შემთხვევებში, საგრძნობლად გაიზარდა ამა თუ იმ ფორმატში თავისუფალი ვაჭრობის ბრუნვაც (მაგალითად, უკვე მე-20 საუკუნის 90-იან წლებშივე ევროკავშირის ქვეყნებს შორის – 65%–ით; მერკოსურისა და ანდეანის პაქტის წევრებს შორის – ორ–ნახევარჯერ).

ბუნებრივია, რომ  ყველაზე ხელშესახები ეფექტი – ტარიფების შემცირება, ქვეყნების ეროვნულ ხელისუფლებათა მიერ არაერთი აუცილებელი საშინაო რეფორმის გატარებისას დამატებით და ამასთანავე კრიტიკული როლის მქონე ეფექტად მოგვევლინა, რომლის გარეშეც თავისუფალი ვაჭრობის საჭირო შედეგის  მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.

თანაბრად აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში ურთიერთდამოკიდებულებასა და ნაცვალგებაზე დამყარებულმა მიდგომამ, ზოგადად, ხელი შეუწყო საერთაშორისო ველის გაჯანსაღებას. საქმე ისაა, რომ სხვადასხვა სტრატეგიული თუ არასტრატეგიული მიზნისა თუ დიაპაზონის, განსხვავებული მასშტაბისა და ამბიციის ქვეყნებს მოუწიათ საერთო ქცევის წესებზე შეთანხმება, არცთუ იშვიათად – ურთიერთგანსხვავებული მიდგომების შეწყობის გზით. ამ შეთანხმებათა თავისებურ თანმდევ უპირატესობად იქცა საერთაშორისო მართლწესრიგისა და ურთიერთობათა სხვა თემებზე კონსენსუსის კულტურის დამკვიდრება და მისი შემდგომი განვითარება.

ასე მაგალითად, ბოლო პერიოდს გამოარჩევს თავისუფალი ვაჭრობის ფორმატში ისეთი საკითხების მოწესრიგების ინსტიტუციური ჰარმონიზაცია, როგორებიცაა ინტელექტუალური საკუთრება, ჯანდაცვა, უსაფრთხოებისა და შრომის სტანდარტები, შრომითი მიგრაცია, ინვესტიციების დაცვა, საბანკო და საფინანსო საქმიანობა, დავათა გადაჭრა და ა.შ. საგულისხმოა, რომ ახალმა მიდგომებმა ამ შეთანხმებათა ასევე ახალი - ე.წ. „თანამედროვე თავისუფალი შეთანხმებების“ - კლასი წარმოშვა, რაც ეკონომიკური ინტეგრაციის თანამედროვე დღის წესრიგს და მიმდინარე გამოწვევებს ეხმიანება. ამასთანავე, საკითხავია, თუ რამდენად შორს წავა ეს პროცესი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეფორმირების გარეშე და მისგან დამოუკიდებლად.    

კიდევ ერთი საკმაოდ საკამათო საკითხია თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების რაოდენობის მატება, როგორც შედეგი 2001 წლის დოჰას რაუნდის ერთობ წარუმატებელი მოლაპარაკებებისა. მართალია, საკუთრივ ურუგვაის მოლაპარაკებათა რაუნდმა უკვე საკმარისად დიდი ბიძგი მისცა აღნიშნული კატეგორიის შეთანხმებების გავრცელებას. მეტი თვალსაჩინოებისათვის  უნდა ითქვას, რომ თავისუფალი ვაჭრობის სამოცზე მეტი შეთანხმება ურუგვაისა და დოჰას რაუნდებს შორის ამოქმედდა - ანუ პრაქტიკულად იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეფორმირება ჯერ კიდევ მყარ იმედებს უკავშირდებოდა. 

იხილეთ სრული სტატია