რა არის ვირტუალური აქტივი
2022 წლის 9 სექტემბერს რიგ საკანონმდებლო აქტებში განხორციელებული ცვლილებებით (ეს ცვლილებები ძალაში შევიდა 2023 წლის 1 იანვრიდან, თუმცა მათი სრული სახით ამოქმედება ეტაპობრივად მოხდება) („საკანონმდებლო ცვლილებები“) მოხდა „კრიპტოვალუტის“ დარეგულირება, კერძოდ მას დაერქვა „ვირტუალური აქტივი“ და განიმარტა როგორც:
- (1) ღირებულების ციფრული გამოხატულება,
- (2) რომელიც არის ურთიერთჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური,
- (3) წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ვაჭრობის საგანს; და
- (4) გამოიყენება ინვესტირების ან/და გადახდების განხორციელების მიზნით.
„საკანონმდებლო ცვლილებებით“ ასევე დაზუსტდა, რომ ვირტუალური აქტივი:
- (ა) არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას (თუმცა „პროვაიდერი“ (განმარტებულია ქვემოთ) უფლებამოსილია მის მიერ გაწეული მომსახურების ფარგლებში მომხმარებლისგან მიიღოს საკომისიო/პროცენტი/სარგებელი იმ ვირტუალური აქტივით, რომლის მომსახურებასაც ახორციელებს); და
- (ბ) არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას (მაგ. ციფრული ლარი არ იქნება ვირტუალური აქტივი).
რას მოიცავს ნებადართული ვირტუალური აქტივის მომსახურება
„საკანონმდებლო ცვლილებებში“ დეტალურად გაიწერა, თუ რა შედის „ვირტუალური აქტივის მომსახურებაში“, კერძოდ კი, ამგვარი მომსახურება მოიცავს:
- (1) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლას (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) (ა) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, (ბ) სხვა ვირტუალურ აქტივში ან (გ) ფინანსურ ინსტრუმენტში;
- (2) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემას; ან/და
- (3) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვას/ადმინისტრირებას, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა;
- (4) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვას (გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა); ან/და
- (5) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირებას; ან/და
- (6) ასეთი ვირტუალური აქტივის სესხად გაცემას (ამასთან, დაუშვებელია ფიზიკურ პირებზე ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა); ან/და
- (7) პირველად შეთავაზებას ან/და პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებულ მომსახურებას.
საგულისხმოა რომ „ვირტუალური აქტივის მომსახურება“ შემოიფარგლება კონვერტირებადი ვირტუალური აქტივით, ანუ ვირტუალური აქტივით, რომელსაც ბაზარზე აქვს ეკვივალენტი ღირებულება ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტში, რომელშიც შესაძლებელია განხორციელდეს მისი გადაცვლა.
ვის შეუძლია ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა
„პროვაიდერთან“ ერთად ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლება აქვს შემდეგ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს: კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და საბროკერო კომპანიებს.
დაუშვებელია ვირტუალური აქტივის მომსახურების იმ პირის მიერ განხორციელება, რომელიც არ არის:
- (ა) საქართველოს ეროვნული ბანკის („სებ“) მიერ რეგისტრირებული „პროვაიდერი“; ან
- (ბ) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება მათი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით აქვთ მინიჭებული.
ამასთან აღსანიშნავია, რომ თუ „პროვაიდერს“ უფლება აქვს განახორციელოს ზემოთ აღნიშნული ნებადართული ვირტუალური აქტივის ნებისმიერი მომსახურება, საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მომსახურება შეზღუდულია შემდეგი უფლებამოსილებით:
- (1) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში;
- (2) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა;
- (3) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა/ადმინისტრირება, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა; და
- (4) ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობა.
ვინ არის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი
„საკანონმდებლო ცვლილებებით“ შემოღებული იქნა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის“ (შემდგომში მოვიხსენიებთ როგორც „პროვაიდერს“) დეფინიცია და ის განიმარტა როგორც პირი, რომელიც ახორციელებს სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურებას.
„პროვაიდერის“ დეფინიციიდან ნათელია, რომ ასეთად დასაკვალიფიცირებლად აუცილებელია ვირტუალური აქტივის მომსახურება ხორციელდებოდეს სხვა პირის (და არა საკუთარი თავის) სასარგებლოდ.
„პროვაიდერი“ შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შპს-ს ან სს-ს სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც „სებ“-ის მიერ „პროვაიდერად“ დარეგისტრირდება.
ამრიგად, „პროვაიდერის“ ზედამხედველობის ფუნქცია, მსგავსად ფინანსური ინსტიტუტებისა, მიენიჭა „სებ“-ს. კერძოდ, „პროვაიდერი“ ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს „სებ“-ში და შესაბამისობაში იყოს „სებ“-ის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან.
ამასთან, „პროვაიდერს“ ეკრძალება ვირტუალური აქტივის მომსახურების, ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობისა და საკუთარი ვირტუალური აქტივის გადაცვლის გარდა სხვა საქმიანობის განხორციელება.
„პროვაიდერის“ რეგისტრაციისთვის დადგენილი პროცედურა და საფასური
„სებ“-ი შესაბამისი სარეგისტრაციო ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენიდან 60 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას „პროვაიდერის“ რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით, „სებ“-ი უფლებამოსილია რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა გააგრძელოს 60 კალენდარული დღით.
„სებ“-ი „პროვაიდერის“ რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც სხვა რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება „პროვაიდერის“ დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.
„პროვაიდერის“ რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში „სებ“-ს „პროვაიდერის“ სარეგისტრაციო ინფორმაცია შეაქვს მის მიერ წარმოებულ „პროვაიდერების“ უწყებრივ სარეგისტრაციო რეესტრში.
რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, „სებ“-ი წერილობით აცნობებს აღნიშნულის თაობაზე დაინტერესებულ პირს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზის მითითებით.
„პროვაიდერის“ „სებ“-ში დასარეგისტრირებლად წარდგენილი დოკუმენტების განსახილველად დაწესებულია სარეგისტრაციო მოსაკრებლი 5,000 ლარის ოდენობით.
„პროვაიდერის“ რიგი ვალდებულებები
იმ მოთხოვნებს შორის, რომლებსაც „სებ“-ი „პროვაიდერს“, როგორც მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სუბიექტს უდგენს, აღსანიშნავია „პროვაიდერის“ შემდეგი ვალდებულებები:
- (1) “პროვაიდერი” ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე განათავსოს სათავო ოფისი, საიდანაც მისი ადმინისტრატორ(ებ)ი განახორციელებენ “პროვაიდერის” საქმიანობის ფაქტობრივ მართვას;
- (2) „პროვაიდერის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ერთ-ერთი პირი კალენდარული თვის განმავლობაში არანაკლებ 14 კალენდარული დღისა უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე;
- (3) „პროვაიდერს“ უნდა ჰყავდეს სულ მცირე 2 დირექტორი, როცა მას მხოლოდ ერთი აქციონერი/პარტნიორი ჰყავს, რომელიც იმავდროულად „პროვაიდერის“ დირექტორია;
- (4) „პროვაიდერის“ ადმინისტრატორი და მნიშვნელოვანი წილის (10%-ზე მეტი) მფლობელი/ბენეფიციარი მესაკუთრე უნდა აკმაყოფილებდეს შესაფერისობის კრიტერიუმებს;
- (5) „პროვაიდერმა“ უნდა წარმოადგინოს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების სქემატური აღწერა (ვირტუალური აქტივის ჩამონათვალის მითითებით), რომელიც მოიცავს მომსახურების პროცესში ინფორმაციის, ვირტუალური აქტივისა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მომსახურების დაწყებიდან მის დასრულებამდე, ყველა მონაწილის – გადამხდელის /აქტივის გადამცემის, გადამხდელის /აქტივის გადამცემის პროვაიდერის, მიმღების (მათ შორის აქტივის მიმღების) , მიმღების პროვაიდერის (მათ შორის ექვაირერის, სუბ-ექვაირერის) და შუამავალი პროვაიდერის მითითებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამავე დროს, სქემები წარმოდგენილი უნდა იქნეს თითოეული ვირტუალური აქტივის ჭრილში, იმ შემთხვევაში თუ თითოეული ვირტუალური აქტივის მომსახურების სქემები განსხვავებულია;
- (6) „პროვაიდერის“ მიერ შესრულებული ოპერაციები მის სისტემაში სრულად უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზებული და შენახული იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს აღრიცხული ინფორმაციის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედების ე.წ. „ლოგირება“ და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს „პროვაიდერის“ სათავო ოფისიდან მათ შესახებ ინფორმაციის უმოკლეს ვადაში მოძიება და ამოღება;
- (7) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, „პროვაიდერს“ შესაბამისობის კონტროლის სისტემის დასანერგად შემუშავებული უნდა ჰქონდეს შიდა ინსტრუქცია (პოლიტიკა-პროცედურა). შიდა ინსტრუქციას „სებ“-ი განიხილავს მხოლოდ მისი შემადგენელი კომპონენტების სისრულის კუთხით. ამავე დროს ის უფლებამოსილია, რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე შინაარსობრივადაც განიხილოს ეს დოკუმენტი; და
- (8) „პროვაიდერი“ ვალდებულია ასეთად რეგისტრაციამდე განცხადებით დაადასტუროს, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, დანერგილი აქვს/საქმიანობის დაწყებამდე დანერგავს შესაბამისობის კონტროლის სისტემას.
„პროვაიდერთან“ დაკავშირებული ცვლილებები
„პროვაიდერი“ მასთან დაკავშირებული მთელი რიგი ცვლილებების შემთხვევაში ვალდებულია ამგვარი ცვლილებები „სებ“-ს წინასწარ ან მათი განხორციელების შემდეგ აცნობოს.
ცვლილებების კუთხით საინტერესოა „პროვაიდერთან“ დაკავშირებით განხორციელებული ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ზრდაზე. ასეთი ცვლილებების შემთხვევაში „პროვაიდერი“ ვალდებულია მათ განხორციელებამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე წარუდგინოს „სებ“-ს ცვლილებებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
„პროვაიდერის“ რეგისტრაციის გაუქმების ზოგიერთი საფუძველი
„პროვაიდერის“ რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებს შორის უნდა აღინიშნოს შემდეგი საფუძვლები, რომლებიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „პროვაიდერის“ საქმიანობის რეგულირების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის აღკვეთის მიზნებისთვის. სახელდობრ, „სებ“-ი უფლებამოსილია გააუქმოს „პროვაიდერის“ რეგისტრაცია, თუ:
- (ა) „პროვაიდერის“ მიერ საქმიანობის გაგრძელებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან/და სანდოობას;
- (ბ) „სებ“-ის მიერ დადგენილი ფორმითა ან/და ვადაში „პროვაიდერმა“ „სებ“-ს ზედიზედ ორჯერ არ წარუდგინა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგება დადგენილი წესითა და ფორმით;
- (გ) „პროვაიდერს“ არ აქვს დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/უჩვეულო ტრანზაქციების ავტომატურ რეჟიმში გამოვლენას;
- (დ) „პროვაიდერის“ მიერ საქმიანობის გაგრძელება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ მომეტებულ რისკებს ან/და საერთაშორისო ფინანსური სანქციების გვერდის ავლის რისკს წარმოშობს, აფერხებს განხორციელებული ტრანზაქციების მიკვლევადობას ან/და ზედამხედველობის განხორციელებას.
ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული „საკანმდებლო ცვლილებები“
ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის თვალსაზრისით აღსანიშნავია „საკანონმდებლო ცვლილებებით“ გათვალისწინებული შემდეგი დებულებები:
- (1) ანგარიშვალდებული პირების სიას დაემატა „პროვაიდერი“ და მის საზედამხედველო ორგანოდ, ფინანსური ინსტიტუტების მსგავსად, „სებ“-ი განისაზღვრა;
- (2) ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლების მქონე სუბიექტებს აეკრძალათ მომსახურების გაწევა ისეთი ვირტუალური აქტივით (anonymity-enhanced coin/privacy coin) ან/და ისეთი ტექნოლოგიური მეთოდების/მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ხელს უშლის მათ მიერ ტრანზაქციის და მასში მონაწილე მხარეების შესახებ ინფორმაციის დადგენას და მიკვლევადობას განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიაზე (DLT) დაყრდნობით;
- (3) ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლების მქონე სუბიექტები ვალდებული არიან საქმიანობის დაწყებამდე დანერგონ პროგრამული (ელექტრონული) სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/უჩვეულო ტრანზაქციების ავტომატურ რეჟიმში გამოვლენას განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიის (DLT) საფუძველზე არსებული ინფორმაციის დამუშავებით;
- (4) ყველა ანგარიშვალდებულ პირს, რომელიც ვალდებულია საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის განხორციელებისას შეისწავლოს საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული, დადებული ან/და შესრულებული გარიგება, დაევალა (საჭიროების შემთხვევაში) დაადგინოს, რამდენად შეესაბამება ასეთი გარიგება არამარტო კლიენტის ქონებისა და ფულადი სახსრების, არამედ ასევე მისი კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობას;
-
-
- (5) ყველა შესაბამის ანგარიშვალდებულ პირს (კერძოდ, ანგარიშვალდებულ პირს, რომელსაც ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლება აქვს) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული ერთჯერადი გარიგების დადების შემთხვევაში დაევალა პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, თუ ერთჯერადი გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა აღემატება 1 000 აშშ-ის დოლარს, 1 000 ევროს ან 3 000 ლარს (აღსანიშნავია, რომ ეროვნული ან უცხოური ვალუტის შემთხვევაში პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისთვის დადგენილი ზღვარი 15 000 ლარით ან უცხოურ ვალუტაში 15 000 ლარის ეკვივალენტით განისაზღვრება, რაც მოწმობს კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის შემთხვევაში ბევრად მკაცრ მიდგომას);
- (6) საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლების მქონე სუბიექტები შეზღუდული არიან იმ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერით ან/და ფინანსური ინსტიტუტით:
- (ა) რომელიც არის „სებ“-ის მიერ ან / და უცხო ქვეყანაში ლიცენზირებული/რეგისტრირებული;
- (ბ) რომელიც ექვემდებარება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით რეგულირებას/ზედამხედველობას;
- (გ) რომლის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით საქართველოს კანონმდებლობის იდენტურ ან უფრო მკაცრ მოთხოვნებს.
ამასთან, „სებ“-ი უფლებამოსილია „პროვაიდერს“ და საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, რომელსაც ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლება აქვს, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის საქმიანობის/ოპერაციების განხორციელება (მათ შორის, ვირტუალური აქტივების სახეების მიხედვით), აგრეთვე, სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან საქმიანი ურთიერთობა, რომლებიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ მომეტებულ რისკებს ან/და საერთაშორისო ფინანსური სანქციების გვერდის ავლის რისკს წარმოშობს, აფერხებს განხორციელებული ტრანზაქციების მიკვლევადობას ან/და ზედამხედველობის განხორციელებას.
ყველა ზემოთ აღნიშნული დანაწესი ერთობლიობაში ქმნის საკმაოდ ეფექტურ სამართლებრივ ჩარჩოს ვირტუალური აქტივის მომსახურების სფეროში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღსაკვეთად.
გარდამავალი პერიოდის მოთხოვნები
პირი, რომელიც „საკანონმდებლო ცვლილებების“ ამოქმედებამდე ახორციელებდა ისეთ საქმიანობას, რომელიც სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების მიწოდებას მოიცავდა, ვალდებული იყო 2023 წლის 29 სექტემბრამდე „სებ“-ისთვის წარედგინა შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტები/ინფორმაცია.
პირი უფლებამოსილი იყო გააგრძელებინა სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურება „სებ“-ის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. პირი ვალდებული იყო შეეწყვიტა ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის 2023 წლის 29 სექტემბრამდე წარუდგენლობის ან „სებ“-ის მიერ რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შემთხვევაში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით „სებ“-ს არ დაუსრულებია არცერთი „პროვაიდერის“ რეგისტრაცია.
ამასთან, „სებ“-ის მიერ რეგისტრაციიდან 1 წლის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა, „პროვაიდერმა“ უნდა უზრუნველყოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის III (პრევენციული ღონისძიებები) და IV (გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები და გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები) თავებით გათვალისწინებული მოთხოვნების ისეთ კლიენტებზე გავრცელება, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა რეგისტრაციის გავლამდე დაამყარეს.
დასკვნა
ვირტუალური აქტივის დარეგულირებამ ხელი შეუწყო ამ საკითხზე სიცხადის შემოტანას და საქართველოს იურისდიქცია მიმზიდველი გახადა ამ სფეროთი დაინტერესებული ინვესტორებისთვის.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ მომხდარა ახალი რეგულაციების პრაქტიკაში იმპლემენტაცია, მოსალოდნელია, რომ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან მიმართებით დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მთელ რიგ ასპექტებზე გაზიარებული იქნება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროცესშიც ამ მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით.
გარდა ზემოაღნიშნულისა ხაზგასასმელია ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევისას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთას ემსახურება და ვირტუალური აქტივით განხორციელებული ტრანზაქციების მიკვლევადობას უზრუნველყოფს.