ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
16 მაისი, 2024

ლარიზაცია

larization

2024 წლის 10 აპრილის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #90/04 ბრძანებით, რომელიც სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 400 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესს ეხება და 2024 წლის 1 მაისიდან შევიდა ძალაში, განისაზღვრა, რომ კომერციულმა ბანკმა, მიკრობანკმა, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებამ – საკრედიტო კავშირმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, სესხის გამცემმა სუბიექტმა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა 400 000 ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გასცეს მხოლოდ ლარით. ამავე დროს ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი.

აღნიშნული ბრძანება ასევე ითვალისწინებს იმ გამონაკლის შემთხვევებს, რომლებზეც ზემოთ აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება და ასეთ გამონაკლისებს შორისაა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე გაცემული სესხი/საბანკო კრედიტი და ის შემთხვევა, როცა მსესხებელი სესხის/საბანკო კრედიტის გადასახდელად საკმარის შემოსავალს სრულად იღებს სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრძანებით დადგენილი 400 000 ლარიანი ზღვარი საქართველოს ეროვნული ბანკის ლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებაა. ამგვარი ლიმიტი 2017 წლის 20 იანვრიდან ამოქმედდა და 100 000 ლარით განისაზღვრა. ეს ლიმიტი შემდგომში გადაიხედა და 2019 წლის 23 იანვრიდან 200 000 ლარამდე გაიზარდა, ამჟამად (ანუ პირველ მაისამდე პერიოდში) კი 300 000 ლარს შეადგენს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლარში სავალდებულოდ ასაღები სესხის/საბანკო კრედიტის ლიმიტთან დაკავშირებული დანაწესი (გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით) 2024 წლის 1 იანვრიდან ასევე ვრცელდება სესხის/საბანკო კრედიტის თავდებზე.

ამასთან ერთად გაიზარდა იმ საგამონაკლისო შემთხვევების რაოდენობა, რომლებზეც ლარში გასაცემი სესხის/საბანკო კრედიტის ლიმიტის შეზღუდვა არ მოქმედებს და თუ თავდაპირველად ასეთი შემთხვევები მხოლოდ იმ საბანკო კრედიტებზე ვრცელდებოდა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე გაიცემოდა, 2024 წლის 1 იანვრიდან ასეთი გამონაკლისი მოქალაქეობის მიუხედავად იმ მომხმარებლებსაც ეხებათ, ვისაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ.

ამჟამად უცნობია კიდევ მოხდება თუ არა ლარში გასაცემი სესხის/საბანკო კრედიტის ლიმიტის გადახედვა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და თუ მოხდება რა პერიოდულობით.

ავტორი: ნატალია ბაბაკიშვილი