ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
21 თებერვალი, 2023

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ მხარდაჭერას უცხადებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად გადადგმულ ნაბიჯებს

anaklia1

2023 წლის 20 თებერვალს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო, საორიენტაციოდ, 12 თვის ვადაში გამოავლენს პროექტის საუკეთესო ინვესტორს, რაც განხორციელდება საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო არ დაელოდება ინტერესთა გამოხატვის შედეგებს და თავად განახორციელებს საინჟინრო და გარემოსდაცვით კვლევებს ისევე, როგორც დაიწყებს პორტისთვის საჭირო კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს (მათ შორის, საუბარია ტალღმტეხი ნაგებობის მშენებლობაზე). 

სახელმწიფოს განზრახვაა, ერთობლივ კომპანიაში სახელმწიფოს წილი შეადგენდეს 51%-ს, ხოლო 49% - ეკუთვნოდეს ინვესტორს იმგვარად, რომ დაცული იყოს ინვესტორის უფლებები და პორტის ოპერირების ხელშეუხებლობა. ამასთან, უზრუნველყოფილი იყოს ინვესტორისთვის საჭირო დაფინანსების მოძიების საშუალებები. 

განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ მოცემული პროექტი იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო გამოიყენებს ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატს, რაც საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის პრაქტიკულად ამუშავების ახალი სტიმული გახდება. 

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის მშენებლობას, როგორც სახელმწიფო და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტს, რომელიც კიდევ ერთხელ მონიშნავს საქართველოს გლობალურ რუკაზე.

პროექტის მხარდაჭერის ნიშნად, იურიდიულ ფირმას განზრახული აქვს, პარტნიორებთან ერთად, აწარმოოს შესაბამისი კამპანია როგორც პოტენციური ინვესტორების, ისე სახელმწიფოსა და ანალიტიკური წრეების ჩართულობით, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია უახლოეს დღეებში გაჟღერდება.