2021 წლის 24 ნოემბრის პრეს-რელიზით, საზოგადოებას ვაცნობეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბერმუდის უზენაესი სასამართლო განიხილავდა სამოქალაქო საქმეს, რომელშიც მოსარჩელეს წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული პირები, ხოლო მოპასუხეა „კრედიტ სუისს ლაიფი“ (CS Life), შვეიცარიული საბანკო ჯგუფის, „კრედიტ სუისს“-ის სტრუქტურული ერთეული. მოსარჩელეთა ინტერესს, უცხოელ კოლეგებთან ერთად, იცავს იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“, რომელსაც წარმოადგენენ უფროსი პარტნიორი - ვიქტორ ყიფიანი და პარტნიორი - სანდრო სამადბეგიშვილი.
საკითხის მიმართ მედიისა და საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ 2016 წლიდან მიმდინარე სასამართლო დავის მოცემული ეტაპი დასრულდა 2022 წლის 29 მარტს გამოცხადებული გადაწყვეტილებით. დოკუმენტით, რომელიც შეიცავს 300-მდე გვერდის მოცულობის დასაბუთებას, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების სარჩელი შვეიცარიულ საბანკო ჯგუფში შემავალი კომპანიის მიმართ. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ:
- მოპასუხე კომპანიას თავისი უფლებამოსილებები დელეგირებული ჰქონდა „კრედიტ სუისს“-სთვის, რომელიც მართავდა კლიენტის მიერ განთავსებულ თანხებს და იღებდა საინვესტიციო გადაწყვეტილებებს;
- ბანკის თანამშრომელი ჩადიოდა სხვადასხვა სახის, მრავალჯერად და განგრძობად თაღლითურ ქმედებებს კლიენტის თანხებთან მიმართებით;
- მოპასუხე და ბანკი არ რეაგირებდნენ ბანკის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, რადგან ისინი იღებდნენ დიდძალ შემოსავალს ამგვარი უკანონო მოქმედებების შედეგად;
- ბატონ ივანიშვილს რომ სცოდნოდა მის მიმართ ჩადენილი თაღლითობის შესახებ, იგი თავის თანხებს მაღალი რეპუტაციის მქონე სხვა ევროპულ ბანკში განათავსებდა და შექმნიდა საშუალო რისკის შემცველ საინვესტიციო პორტფელს.
შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა კლიენტის მიმართ სახელშეკრულებო და ფიდუციარულ ვალდებულებათა მძიმე დარღვევას.
სასამართლომ, ასევე, განსაზღვრა დაანგარიშების ის მეთოდოლოგია, რომლითაც უნდა დადგინდეს მოსარჩელის მიერ განცდილი ზიანის ოდენობა. თავად „კრედიტ სუისს“-ის მიერვე 2022 წლის 24 მარტს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამგვარი დაანგარიშების შედეგად განსაზღვრულმა ზიანის ოდენობამ, მოსალოდნელია, გადააჭარბოს 500 მილიონ აშშ დოლარს. ამდენად, მოსარჩელისთვის სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხის ზუსტი ოდენობა დადგინდება ექსპერტთა მიერ, რომლებიც დაანგარიშების პროცესში გამოიყენებენ სასამართლოს მიერ დამტკიცებულ მეთოდოლოგიას.