ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
12 მარტი, 2024

ფასიანი ქაღალდები - რეფორმა საქართველოში

Cover-01

2023 წლის 16 ნოემბერს „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული რიგი ცვლილებების შედეგად, რომელიც 2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა(„საკანონმდებლო ცვლილებები“), დარეგულირდა დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების, მათი მიმოქცევისა და მათგან გამომდინარე უფლებების განხორციელების საკითხები. „საკანონმდებლო ცვლილებებით“ ასევე მოხდა ამგვარი ფასიანი ქაღალდების ინვესტორების დასაცავად სათანადო გარანტიების შემოღება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „საკანონმდებლო ცვლილებები“ გავრცელდება დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე იმის მიუხედავად, დემატერიალიზაცია განხორციელდება საკანონმდებლო მოთხოვნის თუ ემიტენტის სურვილის საფუძველზე.

სახელდობრ, „საკანონმდებლო ცვლილებებით“:

(1) ერთმანეთისგან გაიმიჯნა რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი და დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი.
რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი კვალვინდებურად დარეგისტრირდება ფასიანი ქაღალდების რეესტრში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ და მასზე საკუთრების უფლება დადასტურდება ამგვარი რეგისტრატორის/შესაბამისი ნომინალური მფლობელის რეესტრში ჩანაწერით.
დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი იარსებებს ელექტრონული ჩანაწერის სახით ანგარიშზე, რომელსაც აწარმოებს შუამავალი - ანგარიშის მწარმოებელი (კომერციული ბანკი ან საბროკერო კომპანია) და მათი ფლობა დადასტურდება ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე არსებული საკრედიტო ნაშთით ცენტრალური დეპოზიტარის ან ანგარიშის მწარმოებლს მიერ გაცემული ანგარიშის ამონაწერით.
დემატერიალიზებულ ფასიანი ქაღალდებთან დაკავშირებული ტრანზაქციები იწარმოება ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე დაკრედიტებისა და დადებეტების გზით. ეს სიახლე შესაძლებელს გახდის ფასიან ქაღალდებზე უამრავი ტრანზაქცია მარტივად განხორციელდეს, რაც თავის მხრივ კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის ოპერირებას, სადაც განხორციელდება დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ემისიის/გამოშვების რეგისტრაცია ან/და ფასიანი ქაღალდების ანგარიშების გახსნა და წარმოება, განახორციელებს ცენტრალური დეპოზიტარი.
ანგარიშის მწარმოებელი დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს, მესამე პირის ან თავის სასარგებლოდ, ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ ანგარიშებზე შესაძლოა ფლობდეს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ (სხვა ანგარიშის მწარმოებლ(ებ)ის მეშვეობით.

(2) განისაზღვრა, რომ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემისია უნდა განხორციელდეს დემატერიალიზებული ფორმით ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში. ამასთანავე, ფასიანი ქაღალდების ემიტენტს უფლება ექნება, სურვილის შემთხვევაში, კერძო შეთავაზების ფარგლებში ფასიანი ქაღალდები გამოუშვას დემატერიალიზებული ფორმით, ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მეშვეობით ან უკვე გამოშვებული კერძო ფასიანი ქაღალდები აღრიცხოს ცენტრალურ დეპოზიტარში (ე.ი. განახორციელოს მათი დემატერიალიზაცია).

(3) ემიტენტებს, რომლებსაც გამოშვებული აქვთ საჯარო ფასიანი ქაღალდები დაეკისრათ ვალდებულება, რომ საკუთარი საჯარო ფასიანი ქაღალდები დადგენილ ვადაში გადაიტანონ ცენტრალურ დეპოზიტარში. შედეგად, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების მომსახურების სფეროში დარჩება კერძო შეთავაზების გზით განთავსებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოება.

(4) დაკონკრეტდა, რომ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრებიდან გამომდინარე უფლებებს ინვესტორი განახორციელებს მხოლოდ იმ ანგარიშის მწარმოებლის მიმართ, რომელთანაც ფლობს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს ან ცენრალური დეპოზიტარის მიმართ, თუ ინვესტორი დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს პირდაპირ მასთან ფლობს.

(5) გაიმიჯნა ინვესტორის კორპორაციული/სახელშეკრულებო უფლებები, რომლებსაც იგი ახორციელებს ემიტენტის მიმართ და სხვა ფინანსური უფლებები, რომლებსაც იგი ახორციელებს ანგარიშის მწარმოებლის მიმართ.

(6) ინვესტორები შეძლებენ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით დააგირავონ (ანგარიშზე ჩანაწერის გაკეთებით ან დაკრედიტებით ან დადებეტებით). რაც შეეხება ფინანსურ გირავნობას, ეს საკითხი დარეგულირდა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

(7) განისაზღვრა როდის თავისუფლდება ემიტენტი და შემდგომ - ცენტრალური დეპოზიტარი გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულებებისაგან. კერძოდ, დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდზე დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდის მიზნით, ემიტენტი ვალდებულია შესაბამისი თანხა ხელმისაწვდომი გახადოს წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე. მას შემდეგ, რაც მითითებული თანხა ხელმისაწვდომი გახდება, ემიტენტი თავისუფლედება ვალდებულებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ყადაღის ან ვალდებულების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიების გამო შეუძლებელი გახდება თანხის გამოყენება. ცენტრალური დეპოზიტარი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს თანხის გადარიცხვას ანგარიშის მწარმოებლების ანგარიშზე მათ სახელზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების პროპორციულად, ვადის დადგომისას. აღნიშნულით ცენტრალური დეპოზიტარი თავისუფლდება ვალდებულებისაგან.

(8) კეთილსინდისიერი შემძენი, რომელიც დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს მიიღებს ანაზღაურების სანაცვლოდ, დაცული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეძენით სხვა პირების უფლებები შეიძლება ირღვეოდეს.

(9) შემოღებულ იქნა რეკონსილაციის ვალდებულება, რაც ნიშნავს, რომ ცენტრალურ დეპოზიტარში არსებული ერთი ემისიის ფარგლებში გამოშვებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა ან ცენტრალურ დეპოზიტარში განთავსებული ემისიის ნაწილი უნდა უდრიდეს ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ ანგარიშის მწარმოებელთა ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ჯამს.

(10) განისაზღვრა მარეგულირებელი სამართალი ტრანსსასაზღვრო სიტუაციებისთვის, კერძოდ, იმ შემთხვევებისთვის, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ანგარიშის მწარმოებლები და ანგარიშის მფლობელები არიან ჩართულნი ფასიანი ქაღალდების ფლობის ჯაჭვში. კერძოდ, განისაზღვრა, რომ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს იმ ქვეყნის სამართალი, სადაც ფასიანი ქაღალდების ანგარიშია გახსნილი.

ზემოთ აღნიშნული „საკანონმდებლო ცვლილებებით“ ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო შესაბამისობაში მოვა ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც დადებითად აისახება კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.