იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ ნიდერლანდების განვითარების ბანკს (FMO) წარმატებით გაუწია სამართლებრივი კონსულტაციები „კრედო ბანკისათვის“ 100 მილიონი ლარის ღირებულების სესხის გაცემასთან დაკავშირებით.
ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ტრანზაქცია ქართული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისა და ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერას მოხმარდება.
გარიგება სრულად აკმაყოფილებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზანს უთანასწორობის შემცირებასთან დაკავშირებით.
FMO-მ გრძელვადიანი რესურსი ადგილობრივ ვალუტაში, საქართველოში AAA რეიტინგის მქონე ლარში დენომინირებული ობლიგაციების კერძო განთავსებით მოიზიდა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერის, ქვეყანაში ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და ეკონომიკის დე-დოლარიზაციის თვალსაზრისით.
ნიდერლანდების განვითარების ბანკს ტრანზაქციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ კონსულტაციებს იურიდიული ფირმის იურისტი, ნატალია ბაბაკიშვილი და უფროსი პარტნიორი, ვიქტორ ყიფიანი უწევდნენ.
„ჩვენთვის საამაყოა ასეთი მნიშვნელოვანი გარიგებების დროს წარმოვადგენდეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ავტორიტეტულ ფინანსურ ინსიტუტს. იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ ნიდერლანდების განვითარების ბანკის დიდი ხნის პარტნიორია და კვლავაც სიამოვნებით გავაგრძელებთ მასთან წარმატებულ თანამშრომლობას“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.