იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს („ბანკი“) 157,500,000 ლარის ღირებულების ობლიგაციების განთავსებასთან დაკავშირებით მორიგი სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია. ობლიგაციების დაფარვა მოხდება 18 თვეში. ობლიგაციები სრულად შეიძინა თიბისი ბანკმა.
ობლიგაციების კუპონი მიბმულია თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე სამთვიანი პერიოდისთვის (TIBR3M). ობლიგაციების ამორტიზაცია დაიწყება მათი გამოშვების თარიღიდან 6 თვეში.
ობლიგაციების ამონაგებს „ბანკი“ ჩართავს კაპიტალის რესურსებში და გამოიყენებს ყოველდღიური ოპერაციებისთვის.
„ბანკს“ გარიგებაზე სამართლებრივ მხარდაჭერას „ემ ქეი დი“-ს უფროსი პარტნიორი, ვიქტორ ყიფიანი და იურისტი, ნატალია ბაბაკიშვილი უწევდნენ.
„ლარში დენომინირებული ობლიგაციების განთავსება საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა, რადგანაც მის მიზანს ქვეყანაში ინვესტიციების წახალისება წარმოადგენს. ის ასევე ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და დე-დოლარიზაცისს პროცესს. ჩვენ კი ძალზედ მოხარულები ვართ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან უკვე მრავალი წელია წარმატებით ვთანამშრომლობთ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში ვიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
ტრანზაქციის წარმატებით დასრულება კიდევ ერთხელ ცხადყოფს "ემ ქეი დი"-ს მაღალკვალიფიციურ პრაქტიკას კაპიტალის ბაზრების სფეროში, ასევე მის უნიკალურ გამოცდილებას სასესხო ვალდებულების გარიგებებთან დაკავშირებით.