იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) 92,000,000 და 93,000,000 ლარის ღირებულების ობლიგაციების განთავსებასთან დაკავშირებით მორიგი სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია. ერთი გამოშვების დაფარვა მოხდება 5 წელიწადში, ხოლო მეორის - 3 წელიწადსა და 9 თვეში. ობლიგაციები სრულად შეიძინა საქართველოს ბანკმა.
ორივე გამოშვების ობლიგაციების კუპონი მიბმულია თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე სამთვიანი პერიოდისათვის (TIBR3M). ობლიგაციების ამონაგებს ბანკი ჩართავს კაპიტალის რესურსებში და გამოიყენებს ყოველდღიური ოპერაციებისთვის.
ბანკს გარიგებაზე სამართლებრივ მხარდაჭერას „ემ ქეი დი“-ს უფროსი პარტნიორი, ვიქტორ ყიფიანი და იურისტი, ნატალია ბაბაკიშვილი უწევდნენ.
„ემ ქეი დი“-ს ანალოგიურ გარიგებებზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია და ეს გამოცდილება ასევე მოიცავს ბანკთან მრავალწლიან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობასაც.
„2014 წელს ლარში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვებიდან მოყოლებული, „ბანკი“ აქტიურად საქმიანობს ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე და უზიარებს მის ღირებულ გამოცდილებას ბაზრის მონაწილეებსა და ჩვენს გუნდს. იმედი გვაქვს, რომ „ბანკის“ მომავალში განხორციელებული გარიგებები კიდევ უფრო მეტი სტიმული იქნება კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის“ - აღნიშნა ნატალია ბაბაკიშვილმა.
“განხორციელებული ტრანზაქცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ფირმის შესაბამისი პრაქტიკისათვის. იგი, ასევე, წარმოადგენს წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების გზით, ქვეყნის ეკონომიკის ურყევი მხარდაჭერის მტკიცებულებას.” - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.